შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების, გენეტიკური რესურსებისა და გენეტიკურ რესურსებთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის შესახებ დიპლომატიური კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია შედგებოდა რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებისგან, რომელთა შედეგადაც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრმა ქვეყნებმა, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერით, მიიღეს ისტორიული მნიშვნელობის ხელშეკრულება ინტელექტუალური საკუთრების, გენეტიკური რესურსებისა და მათთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის შესახებ. შეთანხმების შედეგად დადგინდა, რომ თუ საპატენტო განაცხადში მოთხოვნილი გამოგონება ეფუძნება გენეტიკურ რესურსებთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნას, განმცხადებელი ვალდებულია განაცხადში მიუთითოს გენეტიკური რესურსების წარმოშობის ქვეყანა ან შესაბამისი წყარო. კონფერენციის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სახელით მონაწილეობა მიიღო საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - „საქპატენტს“ დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში - გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების მინიატურული სახის მაკეტი შეემატა. მინი მაკეტში წარმოდგენილია საქპატენტში რეგისტრირებული ყველა, სულ 64 დასახელების პროდუქტის მინივერსია. იხილეთ ჩამონათვალი:
https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/
საქპატენტის ეზოს მწვანე სივრცის მოწყობის მიზნით და თანამშრომლებისთვის კომფორტული, ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, მარადმწვანე წიწვოვანი თუ სხვა სახის მცენარეები და ყვავილები დაირგო. გამწვანების ღონისძიების ფარგლებში 16 სახეობის 136 ნერგი იქნა დარგული, რომელთა შორისაა: ირმის რქა, არიზონას კვიპაროსი, ტუია ბრაბანტი, ჯუჯა ფიჭვი, ჯუჯა ვერცხლისფერი ნაძვი, ტუია რეინგოლდი, ლოროპეტალუმი, დეკორატიული შინდი, სირიული ვარდი, სურო, ცრუჟასმინი, ტუია (ბურთისებრი), ტუია გოლდენ გლობი, ცინერარია, მწვანე გაშლილი კვიპაროსი და კვიპაროსი პირამიდული მწვანე.
ესპანეთში, ქ. ალიკანტეში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ორგანიზებით, თაღლითობის საწინააღმდეგო ქსელის (Anti-Scam Network Meeting) მე-9 შეხვედრა გაიმართა. ალიკანტეში გამართულ შეხვედრაზე საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ პირველად მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის სახელით, საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ჩიქოვანი დაესწრო.
ევროპის საპატენტო უწყების (EPO) ექსპერტებმა საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ქიმიის, მედიცინისა და ბიოლოგიის სამმართველოს თანამშრომლებისთვის ბიოტექნოლოგიისა და ფარმაციის სფეროში სასწავლო სესიები ჩაატარეს. შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში განხორციელდა.